ისრაელი - ჯემალ აჯიაშვილი - ცნობილი ადამიანების უცნობი და ნაცნობი ისტორიები


1979 წლის 11 დეკემბერი ამერიკული გამოცემა \"ნიუ-იორკ თაიმსი\" სენსაციურ პუბლიკაციას აქვეყნებს:

\"მაგიდასთან ჩამომსხდარი ხალხი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს 80 წლების საბჭოთა კავშირისათვის გაუგონარ სანახაობას. ეს იყო 50-წუთიანი პროგრამა – საჩვენებლად ყველაზე მარჯვედ შერჩეულ დროს, პრაიმ -ტაიმში, მსახიობი ქალი კითხულობდა მე-11 საუკუნის ესპანეთში მცხოვრები ებრაელი პოეტის იეჰუდა ჰალევის ლექსთა ქართულ თარგმანებს…“
- წერს გაზეთი.

რამდენიმე წუთით საბჭოურ ეპოქაში \"გადავინაცვლოთ\":

სსრკ-მ ისრაელთან დიპლოტიური ურთიერთობები ჯერ კიდევ 6 დღიანი ომის შემდეგ, 1967 წელს გაწყვიტა. ეს პერიოდი 1991 წლამდე გაგრძელდა. ათეული წლების მანძილზე, ქვეყანაში სახელმწიფოებრივი ანტისემიტიზმი და ანტიისრაელური პროპაგანდა მძვინვარებდა.

1979 წელი... ბრეჟნევის ეპოქა... სიონისტებს ქვეყნის მოღალატეებად აცხადებენ, მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა - ნათან შარანსკი გასამართლებულია. ყოველივე ეს რუსეთში - მოსკოვში ხდება. სწორედ ამ დროს საქართველოს ტელევიზიით გადის 50 წუთიანი გადაცემა, რომელშიც შუა საუკუნეების ებრაული პოეზიის ქართულ თარგმანებს თავად ავტორი - ჯემალ აჯიაშვილი და თეატრის მსახიობები კითხულობენ. ქართული საზოგადოება ეცნობა მოშე იბნ ეზრას, შემუელ ჰანაგიდის, იეჰუდა ჰალევის, შელომო იბნ გებიროლის და სხვა ებრაელ პოეტთა გენიალურ ნაწარმოებებს.

ჯემალ აჯიაშვილი

დაიბადა 1944 წლის 23 მარტს დაბა სენაკში;
1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ირანისტიკის განყოფილება.
1968-1971 წლებში სამსახურეობრივი მივლინებით იმყოფებოდა ირანში.

1974-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთკავშირების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს სამეცნიერო რედაქტორად. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უცხო ენების ინსტიტუტში.
ჯემალ აჯიაშვილმა თარგმნა მსოფლიო კლასიკური პოეზიის ნიმუშები: ბიბლიური ფსალმუნები, ანდალუსიელი ებრაელი პოეტების ლექსები, ძველბერძნული და სპარსული პოეზიის ნიმუშები, შექსპირის, ჩიკამაცუს, ტირსო დე მოლინას, კარლო გოცის დრამატული პოემები, დანტეს, პეტრარკას, მიქელანჯელოს, რილკეს სონეტები, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ბორის პასტერნაკის და სხვათა ლექსები.
გარდაიცვალა 2013 წლის 5 იანვარს, დაკრძალულია ისრაელში.

ეს ინტერვიუ ბატონი ჯემალის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩავწერეთ.

#ისრაელი
#ჯემალაჯიაშვილი