საეჭვოდ გასხვისებებული ქონება

06/06/2017
Business Media Georgia-ის მიერ

დღის რიცხვი არის 3,045,300 ლარი

გუშინ მოხდა არცთუ, უფრო სწორად აღარცთუ ისე ღირსშესანიშნავი ფაქტი. კიდევ ერთხელ ქონების საეჭვო გასხვისება ეკლესიაზე. ამჯერად ამ ქონების ფასი 3,045,300 ლარია. უფრო დაწვრილებით თუ გაინტერესებთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფელ ბაკურციხეში მდებარე კულტურის ცენტრი ეკლესიას გადასცა, სხვებთან ერთად სამეწარმეო სახლის გახსნის მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით. საკითხს გუშინ უყარეს კენჭი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე.
მანამდე ცენტრის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით მოხდა და მასზე 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
მოკლედ, სამ მილიონზე მეტად შეფასებული ქონება გადაეცა საპატრიარქოს ისე, რომ მუნიციპალიტეტი არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას თუნდაც წილობრივ მენეჯმენტში შესვლაზე, საქმიანობის გაკონტროლებაზე, ან კულტურული ცენტრის გამართულად ფუნქციონირებაზე – თუნდაც იმაზე, რომ იქ კულტურული ტაბურეტების საამქრო არ იქნება. მოკლედ, ის, რაზეც ხალხის ფული დაიხარჯა კიდევ ერთხელ მიითვისა ეკლესიამ ისე, რომ ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულების არანაირი მექანიზმი არ არსებობს.
ეს კახეთში იშვიათი შემთხვევა არ არის: 2011 წლიდან 16ის ჩათვლით კახეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტომ ეკლესიას გადასცა 11 მიწის ნაკვეთი, რომლის საერთო ფართობი 18.5 ჰექტარს აღემატება, მასზე არსებული შენობა ნაგებობების საერთო მოცულობა მასზე არსებული შენობა ნაგებობები, რომლის საერთო ფართობი 3 406.5 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ანუ მარტო კახეთში ეკლესიის მიწების ფართობი ვატიკანის თითქმის ნახევარს უახლოვდება.
რაც შეეხება მთელ საქართველოს, ადრეც გვითქვამს, რომ საქართველოს საპატრიარქო საკუთრებაში ფლობს საქართველოს თითქმის 17 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტს.
ანუ საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ქალაქ მცხეთაზე 6-ჯერ უფრო დიდია, ხოლო თუ ისევ ვატიკანს შევადარებთ, 38-ჯერ დიდი გამოვა.
ვიღაცა იტყვის, კი მაგრამ, რა მოხდა, კულტურული ცენტრი გადასცესო. ძვირფასებო, სამეწარმეო სახლი უკვე კულტურის სფერო აღარ არის. მოვიყვან მაგალითად ერთ უკვე განხილულ ქეისს: სახელმწიფომ 2008 წელს
საპატრიარქოს გადასცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ქარვასლა, რომელიც ყოფილი ლესელიძის ქუჩაზე 1894 წელს აშენდა. საპატრიარქომ დააფუძნა შპს სახელად „მნე“, შპს მნემ კი შპს „ქარავან თბილისთან“ გააფორმა იჯარის ხელშეკრულება შენობის 15 წლის ვადით გადაცემაზე. მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 1 წლის შემდეგ „ქარავან თბილისი“ საპატრიარქოს თვეში 29,500 ამერიკულ დოლარს გადაუხდის. უფასო და ერთი შეხედვით რელიგიასთან არაფერ შუაში მყოფი უძრავი ქონებით ასეთი ორგმაგი სარგებლების უამრავი შემთხვევის ცნობა არსებობს.
ამასთან ერთად ანგარიშგასაწევია, რომ სახელმწიფო თავის 30 მილიონზე დიდი ფულადი საჩუქრით ყოველწლიურად, რომ აღარაფერი ვთქვათ სარეზერვო ფონდიდან განსაკუთრებით არჩევნების წინ მომრავლებულ ძღვენებზე და უძრავ-მოძრავ ქონებაზე, აი ეს გულუხვი სახელმწიფო არ ახდენს ეკლესიისთვის გადაცემული უძრავი ქონების ღირებულების შეფასებას და შესაბამისად, ვერასოდეს გავიგებთ რა კავშირშია გადაცემული ქონება საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან, შესაბამისად ვერც იმას დავადგენთ, როდის ამოვლენ ჩვენი საბჭოეთის სამართალმემკვიდრე ჩინოვნიკები საპატრიარქოს ვალიდან. განსაკუთრებით კი ეს გურჯაანელებს ეხება. ზარალი ასე არ ანაზღაურდება. აუცილებელია, რომ ჩინოვნიკებმა სასულიერო პირების პოლიტიკური მოქრთამვის მორიგი მცდელობის შემდეგ იმაზე დაკვირვებაც დაიწყონ, რაში იხარჯება გადაცემული ფული და მიწები. თორემ სრულიად მიწიერი ფართობების გაქირავების ბიზნესის სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან არ ჩანს კარგად, განსაკუთრებით კი მთელი ამ ციანიდის საქმეების შემდეგ.

შოთა დიღმელაშვილი
#დღისრიცხვი

საქმიანი დილა
06/06/2017

ვიდეოები „Business Media Georgia"-ისგან