ფილტრიანი თამბაქოს შემდეგ საქართველოში თუთუნის ფასი იზრდება

03/05/2019
MEDIA • 8 • EIGHT-ის მიერ

გამოიწერეთ მერვე! https://bit.ly/2XBZQlq

ფილტრიანი თამბაქოს შემდეგ საქართველოში თუთუნის ფასი იზრდება. მწეველებს სიურპრიზს პარლამენტი უმზადებს.

თამბაქოს გაძვირების გამო, მოქალაქეები იძულებულები გახდნენ, ბაზარზე შეუფუთავი თუთუნი ეყიდათ და თავად დაეფასოებინათ. 100 გრამი თუთუნით, სულ მცირე, 100 ღერი სიგარეტი მზადდება. ანუ, ერთი კოლოფი სიგარეტის ფასად მოქალაქეები ხუთი კოლოფს იღებენ. ახლა კი პარლამენტი აქციზის დაწესებას თუთუნზეც გეგმავს, რაც მისი ფასის ზრდას გამოიწვევს.

მას შემდეგ, რაც თამბაქოზე ფასი გაიზარდა, საქართველოში კონტრაბანდამ იმატა. 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 22 668 უაქციზო სიგარეტის კოლოფია ამოღებული და 16 პირზე სისხლისსამართლებრივი დევნაა დაიწყო.

ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, ოპოზიცია ფიქრობს, რომ თამბაქოზე ფასის ზრდით ხელისუფლება არა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, არამედ მათ ძარცვაზე ზრუნავს, რადგან მწეველთა რაოდენობა ქვეყანაში არ მცირდება.

არალეგალური ვაჭრობის შეჩერების გამოსავალს თამბაქოზე აქციზის შემცირებაში ხედავენ თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებში. ბიზნესსექტორში აცხადებენ, რომ მათთან კომუნიკაციის გარეშე მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ახლა შესაძლოა, ქვეყნისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

თამბაქოს ყველა სახეობაზე ფასი წლის ბოლომდე შესაძლოა, 10 ლარი გახდეს.