გალაკტიონი – ბგერების ღმერთი, დასასრული

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ ახალი რუბრიკით „გალაკტიონი“ გთავაზობთ საუბრის დასასრულს ლიტერატურის მუსიკალურ მხარეზე და მთავარ ქართველ პოეტზე, რომელმაც ამ დარგში მსოფლიო მწვერვალებს მიაღწია; გადაცემაში საუბარია ბგერების ღმერთზე, დიდ გალაკტიონზე. ენაში არ შეიძლებოდა, პოეზია არ დაბადებულიყო. პოეზია ბგერწერის გარეშე საერთოდ არ არსებობს, მაგრამ გალაკტიონთან მას მაინც უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სხვა ქართველ პოეტებთან (გამონაკლისი, როგორც ყოველთვის უნივერსალური რუსთველია). როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბგერწერაში ყურადღება ექცევა ბგერათა მსგავსებას, მათ განსხვავებას, მსგავსებისა და განსხვავების კომბინაციას და ა.შ. ყველა ვიცნობთ გალაკტიონის შედევრს, „თოვლს“. განვიხილოთ „მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის“. გამოყენებულია სინესთეზია, მაგრამ ეს, ამავე დროს, არის ფანტასტიკური ბგერწერა. წ, ძ, ც, ს – ყველა სიტყვაში არის ერთი კლასის ბგერა, ამას თქვენ ვერ ხვდებით, ამას ხვდება თქვენი არაცნობიერი. მოკლედ, ხუთი სისინა ბგერიდან აქ არის ყველა, გარდა ზ-სი. და აი, ინვარიანტულ სტროფში („მე ძლიერ მიყვარს...“ და „ამიტომს მიყვარს...“), რომელიც მრავალმხრივ იმეორებს პირველს, იქნება „და ზამბახების წყებად დაწვენა“ და ზ-თი შეივსო. ესაა ის, რასაც მუსიკაში F-მოტივი ჰქვია, მოლოდინის მოტივი ჰქვია. ბგერები, ფონეტიკა, ფონოლოგია, მუსიკა, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

მსგავსი ვიდეოები