დილის საუბრები | ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი

04/20/2022

20 აპრილს \"დილის საუბრებში\":
„მივმართავ მსოფლიოს. ეს შეიძლება იყოს ჩემი ბოლო განცხადება, რადგან სულ რაღაც დღეები, ან შეიძლება საათები გვაქვს დარჩენილი. მივმართავ მსოფლიო ლიდერებს განახორციელონნ მარიუპოლის გარნიზონის სამხედროების, აქ ამ ქარხანაში შეფარებული მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა. გთხოვთ გადაგვიყვანოთ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე და უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება“ - მარიუპოლიდან, მაიორი სერჰი ვოლინა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური ტელეფონით ესაუბრა სიენენს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი მორიგი ულტიმატუმის ვადად 20 აპრილის 14:00 საათს ასახელებს.
„რუსეთის მიზანია, მარიუპოლი აქციოს სამაგალითო ანგარიშსწორების ადგილად“ - აცხადებს ოლეკსი არესტოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მარკ ფეიგინის იუტუბ-ლაივში.
“მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალი“ დაბომბეს და თითქმის მიწასთან არის გასწორებული”, - უთხრა „აზოვის“ ბატალიონის ერთ-ერთმა მეთაურმა, ლეიტენანტმა სვიატოსლავ პალამარმა („კალინა“) „რადიო თავისუფლებას“.
ის სამშაბათს ამბობდა, რომ ქარხანაზე „მძიმე ბომბებს“ ყრიან, ნანგრევების ქვეშ კი ბევრი ადამიანია, რომლებიც მებრძოლებს ტყვიის ცეცხლიდან გამოჰყავთ. „აზოვის“ მებრძოლები დანებებას არ აპირებენ და ბოლო ტყვიამდე აგრძელებენ ბრძოლას.
„ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რაც დაგვრჩა, მაგრამ მოვუწოდებთ სამშობლოს გადაარჩინოს მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და წაიღოს ცხედრები“, - განაცხადა პალამარმა.
მანამდე იყო კიდევ ერთი ულტიმატუმი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობისგან - იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების მოთხოვნით. ამ ულტიმატუმის ვადაც გავიდა - „აზოვის“ პოლკი აგრძელებს ბრძოლას.
რუსეთის ტელეკომპანიას კი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პოლიციის წარმომადგენელი ეუბნება: “იმედი გვაქვს, უკრაინელი ხალხის ეს ფსევდომცველები ჩაგვბარდებიან. ხალხი შვებით ამოისუნთქავს და აღარასდროს გავიგებთ მარიუპოლელი მშვიდობიანი მოქალაქეების ტანჯვის შესახებ“.
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ ასე აღწერს 19 აპრილის საომარ მიმდინარეობას:
„რუსეთის ძალებმა განახორციელეს ინტენსიური საარტილერიო და საჰაერო დაბომბვა ბევრ არეალში ფრონტის ხაზის გაყოლებაზე - იზიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან დაწყებული მიკოლაივის ჩათვლით, თუმცა შედარებით ნაკლები სახმელეთო თავდაცვითი ოპერაციები“.
უკრაინის პრეზიდენტი კვლავ ითხოვს იარაღის დროულად მიწოდებას - საჭირო იარაღი რომ ჰქონდეს უკრაინას, ომი უკვე დასრულებული გვექნებოდაო, აცხადებს ის.
არ ვიცით, რა იქნება მსოფლიო ლიდერების გუშინდელი ონლაინ შეკრების შედეგი - რეალური, საკმარისად დროული და ეფექტიანი შედეგი.
დღეს „რონდელის მსოფლიო რადარში“ უკრაინიდან დაბრუნებულ ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილთან, „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევართან ერთად ვილაპარაკებთ შექმნილ ვითარებაზე.
მოგვწერეთ აქ და დაგვირეკეთ ეთერში ნომერზე 2 988 327.
ჩვენი გადაცემების ყურება შეგიძლიათ \"დილის საუბრების\" და რადიო თავისუფლების ფეისბუკის საიტებზე და მოსმენა - \"რადიო მაესტროს\" სიხშირეებზე მთელ საქართველოში.

ვიდეოები „რადიო თავისუფლება"-ისგან