პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი

08/03/2021
MULTIMEDIA GE-ის მიერ

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი:

“საქართველო დგას გზაჯვარედინზე, გზგასაყარზე, როგორც არა ერთხელ თავის ისტორიის განმავლობაში.

დღეს საქართველო მწვავე გამოწვევების წინაშეა:

– ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფრები უნდა გვაშფოთებდეს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც პიროვნული არჩევანია, არც თავისუფლების გამოხატულება. მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას, საკუთარი ოჯახის წევრს, მეზობელს, ნაცნობს და სინამდვილეში ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობას, მის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლისუნარიანობას, ე.ი. მის მომავალს… ნამდვილი პატრიოტიზმი არც ტრაბახი, არც ძალადობა და არც კუნთების თამაშშია. დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოებრივ თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე.

– მეორე გამოწვევა ჩვენს ევროპულ გზას ეხება, რომელსაც ჩემი ამ ქვეყანაში ჩამოსვლის დღიდან ვაიგივებდი და ვაიგივებ საქართველოს ერთადერთ ჭეშმარიტ გზასთან! ამ გაიგივებაში ჩემი წინაპრები იყვნენ ილია და ნიკო ნიკოლაძე, სულხან-საბა და ექვთიმე, არა იმიტომ, რომ უცხოეთის დაკრულზე ცეკვავდნენ, არა იმიტომ, რომ საკუთარ მეობას არ იცავდნენ ან იდენტობის დაცვა ჩვენზე ნაკლებად ენაღვლებოდათ… არამედ მათ კარგად ესმოდათ, რომ ევროპას, როგორც ეკონომიკური თუ სოციალური განვითარების მოდელს და როგორც მოკავშირეს, ალტერნატივა არ გააჩნია. მცდელობები, რომ დაგვაჯერონ, თითქოს ევროპა თავისუფლება, სოლიდარობა, ქრისტიანობა კი არა, არამედ გარყვნილობის გზაა, სწორედ ერთადერთი პერსპექტივისაგან ჩვენს დაშორებას ემსახურება… და კარგად გვესმის, ეს ვის ინტერესებშია.

აქაც, როგორც პანდემიასთან ბრძოლაში, ნამდვილი პატრიოტიზმი მოითხოვს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავაყენოთ ყველაფერზე მაღლა. პატრიოტიზმი ნიშნავს, რომ ქვეყანა ისე დავიცვათ და გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ სახეს და სახელს, რამეთუ ვერავინ დაგვამციროს და პატივისცემა დაგვაკლოს. ეს ყველას ეხება! ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისაგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათი მითითებები, კრიტიკა თუ გახშირებული შენიშვნები. იმისათვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ, და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თავისი განვლილი გზით საქართველო ამას იმსახურებს, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენს სიტყვას პატივს. ე.ი. ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებდეთ, რაც არის ნდობის მოპოვებისა და შენარჩუნების წინაპირობა. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას გარეთ ძირს არ უნდა ვუთხრიდეთ და ვიწრო პარტიული მიზნების მისაღწევად არ უნდა ვეწეოდეთ აქტიურ სადისკრედიტაციო კამპანიას. სამარცხვინოა, როცა შენივე მოქალაქეები აქტიურობენ იმისათვის, რომ ქვეყნის სახე შელახონ ან თუნდაც მოითხოვონ ქვეყნის სხვადასხვა ფორმით დასჯა.

დამოუკიდებლობა ვერ და არ უნდა ნიშნავდეს რაიმე ფორმის იზოლაციონიზმს, რამეთუ, როგორც კი მარტო რჩები, დასუსტებული, ძალაგამოცლილი, ბუნებრივად ხდები იმისი სამიზნე, ვისაც მუდმივი სწრაფვა ჰქონდა და აქვს გაფართოებისა და შენი დამორჩილებისაკენ… ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული დღევანდელი რეალობა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, განსაკუთრებით ჩვენს პატარა, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას. ეს ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ და სწორედ ასე მოიყვანეს ეს ქვეყანა დღემდე – რეალური მოკავშირეების გამუდმებული ძებნით, რათა თავიდან აგვეცილებინა იმ დროისთვის ყველაზე დიდი საფრთხე. ამას ერქვა დიპლომატია და ამ ხელოვნებას უმაღლეს დონეზე ვფლობდით. დღესაც ჩვენი არჩეული პარტნიორები და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი საუკეთესო დასაყრდენია, ჩვენი განვითარების საფუძველია და ჩვენი უალტერნატივო გზა დეოკუპაციისაკენ.

ამიტომ მიმაჩნია, და ვუთხარი კიდეც მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, რომ დოკუმენტის მომზადების პროცესი უაღრესად პოზიტიური გახლდათ, რამეთუ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურის ჩართულობა საქართველოს პროცესებში, კავკასიასა და ზოგადად ევროკავშირის ახლო სამეზობლოში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის რეალური ხიდი ჩვენსა და ევროპას შორის. ეს უნდა გვესმოდეს, ვაფასებდეთ, ვიყენებდეთ და ვუფრთხილდებოდეთ!

მე პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ კიდევაც იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა. თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული და ვერც მის „ანულირებაზე“. თუმცა დღეს პოსტფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წითელ ხაზებს ხელმოწერამდე ავლებენ! მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს და რომელსაც ვუჭერ მხარს!
– განაცხადა პრეზიდენტმა.

ჩვენი ვებ გვერდი:
https://multimedia.ge
ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9

ვიდეოები „MULTIMEDIA GE"-ისგან